ბექა კონორი შეყვარებულს დაშორდა

“ვცდილობ, წყენა, გაბრაზება გულში არასდროს ჩავიდო და უარყოფითი განწყობები არ მქონდეს”
– ამბობს მსახიობი ბექა კონორი. როგორ მოირგო ტრანსგენდერის როლი სერიალში – “ჩემი ცოლის დაქალები”, რას ამბობენ მასზე, როგორ მიიღო მისი პერსონაჟი საზოგადოებამ და როგორ იქცევა, როდესაც დაძაბული პერიოდი აქვს? – ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

დაბადების თარიღი…
– …1999 წლის 15 აპრილი..
– ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი…
– …მე-5 კლასიდან საბავშვო თეატრში დავდიოდი, მსახიობობა მინდოდა. ადრეულ ასაკში მქონდა სურვილი, გამომძიებელი ან ადვოკატი გამოვსულიყავი. იმ პერიოდში დეტექტივებს ვკითხულობდი და ალბათ, წიგნების გავლენის შედეგი იყო. დღეს მსახიობი ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ პროფესიული არჩევანი არასდროს მინანია.
– ჩემზე ამბობენ…
– მას შემდეგ, რაც “ჩემი ცოლის დაქალებში” ტრანსგენდერის როლში მიღებენ, ძალიან ხშირად მეუბნებიან, – შენზე მკითხეს, ეგ მართლა გეიაო (იცინის)? რატომღაც მაყურებელი მსახიობს როლთან ხშირად აიგივებს. ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ ჩვენი საზოგადოების პრობლემაა.
– სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები”…
– …კასტინგის გზით მოვხვდი. ჩემი გმირია ნუკრი, რომელსაც სურს ნინო იყოს. რთული როლია, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე – ტექნიკურად. ეპილაცია, ფრჩხილების დამაგრება, მაკიაჟის გაკეთება, ქუსლებზე სიარული – ეს ყველაფერი ხასიათს მიქმნის, როლში შესვლაში მეხმარება.
– საზოგადოებამ ჩემი პერსონაჟი…
– …ვერ ვიტყვი, რომ აგრესიულად მიიღო. უსიამოვნო შემთხვევები არ მახსენდება. ქუჩაში არავინ არაფერს მეუბნება, შეიძლება შემომხედონ და გაიცინონ. თავდაპირველად ამ როლში ბევრი ვერ მცნობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბიჭის ფორმით გამოვჩნდები, ყველა გაიგებს ვინც ვარ. აგრესია სოციალურ ქსელშიც ნაკლებადაა.
– ყოველთვის მრცხვენია, როცა…
– …ჩემს პროფესიაში რაღაცას კარგად ვერ ვაკეთებ.
– ჩემი პირველი წარმატება…
– …იყო “ენკი-ბენკიში” შესრულებული პირველი როლი. არ ვიცი, რამდენად წარმატებით ვითამაშე, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი აქედან დაიწყო. მე მაინც ვფიქრობ, ადამიანის პირველი წარმატება დაბადებაა. უბრალოდ, იმ დროს ვერ ვაცნობიერებთ, როგორ გარემოში აღმოვჩნდით.
– ბედნიერი ვარ, რომ…
– …ჯანმრთელი და ცოცხალი ვარ. მეგობრები, პროფესია – ეს ბედნიერების შემადგენელი ნაწილებია.
– თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო…
– ძალიან ბევრი რამ არ მომწონს, ძილის და დღის რეჟიმს ხშირად ვერ ვალაგებ, ეს ხელს მიშლის.
– ჩემთვის მიუღებელია…
– …როცა ადამიანი დაკისრებულ საქმეს პირნათლად არ ასრულებს, უგულოდ, უპასუხისმგებლოდ ეკიდება. მეც არაერთხელ მიკეთებია ისეთი საქმე, რომელიც არ მსიამოვნებდა. დაბალ ხელფასზეც მიმუშავია, მაგრამ უპასუხისმგებლოდ არასდროს მოვქცეულვარ.
– ყოველთვის მაქვს სურვილი…
– …ვიცოდე რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრა, სიმღერა. სამწუხაროდ, დიდი მუსიკალური ნიჭით არ გამოვირჩევი.
– ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი…
– …უკვე ვცვლი: ვარჯიში დავიწყე, რომ წონაში მოვიმატო.
– ვნანობ…
– ჩემი გადაწყვეტილების გამო, ცუდი ამბები მომხდარა, მაგრამ არაფერს ვნანობ: სხვაგვარად რომ მოვქცეულიყავი, კაცმა არ იცის, მოვლენები როგორ განვითარდებოდა. ეს არ იქნებოდა იმის გარანტია, რომ ყველაფერი გაცილებით კარგად იქნებოდა.
– ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე…
– …ძილია. ყველგან და ყოველთვის მეძინება. ძილზე შემიძლია ყველაფერი გავცვალო.
– როცა საჯაროდ მაქებენ…
– …რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ “მეორე კონორი” მეუბნება, ეს შექება არ არის საკმარისიო. კმაყოფილების გრძნობის კონტროლს ვინარჩუნებ.
– დღემდე ვერაფრით ვისწავლე…
– …მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა. ყველაზე მეტად მინდა, ფორტეპიანოზე ვუკრავდე.
– დაშვებულ შეცდომებზე…
– …ვფიქრობ, რომ მომავალში, როგორც გამოცდილება, გამოვიყენო, რათა იგივე აღარ გავიმეორო. ერთი და იმავე შეცდომებს იშვიათად ვუშვებ.
– საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე…
– …როგორც საკუთარი თავი, ასევე – სხვა ადამიანები.
– პატიება შემიძლია, თუ…
– …დანაშაულს ისიც ხვდება. ზოგადად, პატიების ფორმა ურთიერთობაში ძალიან არ მომწონს. როცა ორი ადამიანი ერთმანეთს აწყენინებს, უმჯობესი იქნება, ერთად მიიღონ გადაწყვეტილება, შეთანხმდნენ, რომ მომავალში მათ ურთიერთობაში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.
– ვიბნევი, როცა…
– …გოგო ძალიან, ძალიან მომწონს. ამ დროს ვერ ვხვდები, რა ვუთხრა. არ ვიცი, მისთვის ჩემი დაბნეულობა რამდენად შესამჩნევია.
– ამ წუთში ძალიან მინდა…
– …ვისაუზმო და მერე ველოსიპედით ვისეირნო.
– წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია…
– …ეს ძალიან იშვიათად ხდება. ვცდილობ, საკუთარ თავზე კონტროლი არასდროს დავკარგო, მშვიდი ვიყო.
– სიყვარული ეს…
– …ერთი მიმართულებით სვლა, ერთმანეთის პატივისცემა და გაგებაა. სიყვარულია, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ავსებს, ერთმანეთი სჭირდებათ.
– პირველად რომ შემიყვარდა…
– …ვიყავი ბაღში. ის გოგონა თუ არ მოვიდოდა, მის საწოლზე არავის ვაწვენდი.
– დღეს შეყვარებული…
– …არ ვარ. შეყვარებულს რამდენიმე დღის წინ დავშორდი.
– შეყვარებულთან დაშორების პერიოდი…
– …რა თქმა უნდა, რთული იყო.
– როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს…
– …ვცდილობ, მარტო ვიყო და გავაანალიზო, რაც ჩემს თავს ხდება, პრობლემას შორიდან შევხედო.
– სასურველი გოგონა უნდა იყოს…
– …კრიტერიუმები არ მაქვს. უბრალოდ, უნდა მიყვარდეს და ვუყვარდე. ბევრნაირი ხასიათის გოგო შეიძლება იყოს ჩემთვის სასურველი.
– ვრისკავ, როცა…
– …გამარჯვების შანსი მცირე პროცენტით მაინც მაქვს.
– ხშირად მსაყვედურობენ…
– …ზედმეტად მშვიდი და უემოციო ხარო. ნერვიული არც ერთ ასაკში არ ვიყავი.
– თავისუფლება არის…
– …ყველაფრის გაკეთება, ოღონდ, ჩემი მორალისა და პრინციპების ჩარჩოში.
– ვერავინ მაიძულებს…
– …გავლენის ქვეშ იშვიათად ვექცევი. ვერავინ ვერაფერს მაიძულებს, მით უმეტეს, თუ ის რაღაც ჩემს მსოფლმხედველობასა და მორალს ეწინააღმდეგება.
– როცა მარტო ვარ…
– …ვფიქრობ ან მძინავს. პერიოდულად, განმარტოების სურვილი მიჩნდება ხოლმე.
– ბედისწერის…
– …მჯერა თუ არა? არის მოცემულობა, რომელზეც ადამიანმა უნდა გაიაროს და არის მეორე მოცემულობა, რისი შეცვლაც ადამიანს შეუძლია. გააჩნია, შენ რომელ გზას აირჩევ. იმის არ მჯერა, რომ ის მოხდება, რაც გიწერია.
– მე ვარ შეუმდგარი…
– …პოლიტიკური ლიდერი (იცინის). მხიბლავს, ადამიანს დიდი პასუხისმგებლობა და ძალაუფლება რომ აქვს, მაგრამ არა პირადი ინტერესების გასატარებლად მიმართული ძალაუფლება. დიდი მხედართმთავრების, მეფეების, სულიერი ლიდერების ბიოგრაფიები ჩემთვის ძალზე საინტერესოა. ტირანი არ უნდა გახდე. ძალაუფლების პირობებში ცხოვრება იქნება ძალიან საინტერესო, მაგრამ ბევრ რამეში შეზღუდულიც იქნები. მომწონს ერეკლე მეფე. ის ნიჭიერი პოლიტიკოსი იყო. საინტერესო მმართველი გახლდათ მეფე გიორგი VII, რომელიც საქართველოში თემურ ლენგის შემოსევების დროს მეფობდა.
– ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ…
– …საკითხს გააჩნია. პროფესიაში სხვა ადამიანების აზრი მაინტერესებს, პირად ცხოვრებაში – სხვების. მთლიანობაში, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან ის ადამიანები, რომელთა აზრიც ყოველთვის მნიშვნელოვანია.
– ვჯიუტდები, როცა…
– …მართალი ვარ. თუმცა, ყოველთვის ვუშვებ, – ხომ შეიძლება, მართალი არ ვიყო? პროფესიაში უფრო ხშირად ვჯიუტდები, ვიდრე – პირადში. დარიგებებს ყოველთვის ვისმენ, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად ვითვალისწინებ. ტრანსგენდერის როლთან დაკავშირებითაც მოვისმინე შენიშვნები. ახლახან ერთი ტრანსგენდერი გამომეხმაურა. მომწერა, შენი ნათამაშები როლის დამსახურებით, ჩემი ცხოვრება უფრო მარტივი გახდა, აგრესია შემცირდაო.
– დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება…
– …ერთხელ მეტყველების პედაგოგმა, თამილა ლასხიშვილმა მითხრა: როცა შენს თავს აჯობებ, მაშინ ხარ ადამიანიო.
– დაბოლოს…
– …ყველას დიდ მადლობას გეტყვით, ვისაც ჩემ მიმართ სიმპათია გაქვთ.